სხვა

0:29 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ბობი ჰალი გარდაიცვალა

ლეგენდარული კანადელი ჰოკეის მოთამაშე, ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი ბობი ჰალი 84 წლისა გარდაიცვალა. ის ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) პირველი მოთამაშეა, ვინც სეზონში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ჰალის მეტსახელი იყო „ოქროს რეაქტიული თვითმფრინავი“, რაც ღია ფერის თმის და სისწრაფის გამო შეარქვეს. მისი დახმარებით, „ჩიკაგო ბლექჰოკსმა“ 1961 წელს სტენლის თასი მოიპოვა. მანამდე ამ გუნდს, ტიტული 23 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული.

„ჰალი იმ ელიტარულ მოთამაშეთა შორისაა, ვინც ჩვენს ჰოკეის კლუბზე ისტორიული გავლენა მოახდინა. ჩიკაგოელთა თაობები აღფრთოვანებულები იყვნენ ბობის უბადლო დარტყმებით, სწრაფი სრიალით და გუნდის ლიდერობით“, - ნათქვამია „ბლექჰოკსის“ განცხადებაში.

გუნდში ჰალის მისვლამდე, ჩიკაგოს გუნდმა, წინა 12 სეზონიდან, 11-ში ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. ჰალმა გუნდი გამოაცოცხლა და შედეგებთან ერთად, შემოსავლებიც გაუზარდა. ჰალმა და მისმა თანაგუნდელმა სტენ მაიკიტამ დაამკვიდრეს ყვანჯის ერთგვარი მოღუნული ვერსია, რომელიც მათთვის ძლიერი და ზუსტი დარტყმების ინსტრუმენტი იყო. მან ჩიკაგოში 15 სეზონი გაატარა და მისი მეტოქეების კარში 604 გოლი გაიტანა, რაც „ბლექჰოკისთვის“ ახლაც რეკორდული მაჩვენებელია.

ჰალმა ხუთ სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა და შვიდჯერ იყო NHL-ის საუკეთესო გოლეადორი. ორჯერ მოიგო ჰარტის პრიზი, როგორც ლიგის ყველაზე ფასეულმა მოთამაშემ. და ათჯერ გახდა საუკეთესო მარცხენა თავდამსხმელი.

1972 წელს ჰალი NHL-ის და ჰოკეის ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, ვინც მილიონდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ ის „ვინნიპეგ ჯეტსის“ (1996 წლიდან ფინიქსში გადავიდა და სახელად კოიოტსი ეწოდა) წევრი გახდა. ამ კონტრაქტის გამო, ჰალმა 1972 წელს ვერ ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ.

თეგებიბობი ჰალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111797