რაგბი

13:17 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების „სუპერ კვირა“ ქუთაისში

7-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების „სუპერ კვირას“ უმასპინძლა, რამაც ქართველ ედუკატორებსა და ტრეინერებს დამატებითი ცოდნა შესძინა.

4-დღიანი სწავლება ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა, სადაც ასეთი მასშტაბური ღონისძიებისთვის ყველა პირობაა და ქართველებთან ერთად, მასში ინგლისელი ედუკატორიც იყო ჩართული.

კურსს, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავდა, მსოფლიო რაგბის რეგიონული ტრეინინგ-მენეჯერი ევროპაში, დიდი ბრიტანელი ჩარლი ბრაუნი და ირლანდიელი მასტერ-ტრეინერი ენტონი მობიანი უძღვებოდნენ. სემინარები წაიკითხეს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორმა, მსოფლიო რაგბის მასტერ-ტრეინერმა რამა ჩანდიმ და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ.

სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, მიმართულებები კი იყო – სამწვრთნელო, სამსაჯო, სამედიცინო და ფიზ. მომზადების. ჯამში ოთხივე სპეციალობის 50-მდე მსმენელი გადამზადდა და ისინი ახალი მიდგომებსა და ნოვაციებს ქართველ სპეციალისტებს მთელი წლის განმავლობაში გაუზიარებენ. „სუპერ კვირის“ დასრულების შემდეგ, 29-30 იანვარს ქუთაისში უკვე გაიმართა ოთხივე მიმართულების პირველი დონის ლიცენზირება.

სწავლებით კმაყოფილი დარჩნენ როგორც ორგანიზატორები, ასევე მსმენელები. საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი ამბობს:

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბს და საქართველოს რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის, ასევე მასპინძელ ქუთაისის „აიას“. საპრესკონფერენციო დარბაზებისა და მოედნების სიმრავლემ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ასეთი მასშტაბური სწავლებისთვის გვემასპინძლა. ევროპაში სწავლა-განათლების ასეთი მასშტაბური ღონისძიება სულ 2-3ჯერ ტარდება და გაგვიმართლა წელს პირველი კურსი საქართველოში რომ ჩატარდა. ვეცდებით, რომ მსგავს ღონისძიებას გაისადაც ვუმასპინძლოთ, მანამდე კი ოთხივე მიმართულებით, გადამზადება გაწერილი გრაფიკით, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად მეტმა სპეციალისტმა გაიღრმავოს ცოდნა პირველ და მეორე დონეზე“.

„ამ სწავლების მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ედუკატორმა, ტრეინერმა თუ სპეციალისტმა გაიღრმავოს ცოდნა, განაახლოს უნარები. რაც უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტი გვეყოლება, რომლებიც ზრუნავენ ქართული რაგბის განვითარებაზე, მით უფრო მივუახლოვდებით მსოფლიო რაგბის სტანდარტებს, ეს კი წარმატების საწინდარია. წარმატებისთვის აუცილებელია ინვესტიცია განათლებაში და ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, ახალი მეთოდების დანერგვა და მუდმივი განვითარება უფრო დიდ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.146765