გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „კარლსრუეში“ გააგრძელებს.
გავრცელებული ცნობით, ზივზივაძე გერმანულ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ზივზივაძე დღეს უნდა შეხვდეს კლუბის წარმომადგენლებს და ყველა საკითხი მოაგვაროს.
შეგახსენებთ, რომ „კარლსრუეში“ 2007-2012 წლებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა, რომელმაც 141 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა.
რაც შეეხება ზივზივაძეს, მისი ბოლო კლუბი უნგრული „მოლ ფეჰერვარი“ იყო, სადაც სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ გუნდთან კონფლიქტი შეემთხვა, მეორე გუნდში გადაიყვანეს, იქ კი დაშავდა და დიდი ხნით უქმობა მოუწია.
„კარლსრუეს“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და მე-15 ადგილს იკავებს.