სხვა

1:07 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დუერმა შიფრინს 86-ე გამარჯვება არ მოაპოვებინა

ჩეხეთის სპინდლერუვ მლინში მსოფლიო თასის ზედიზედ მეორე სლალომი გაიმართა და ის გერმანელი ლენა დუერის გამარჯვებით დასრულდა. მან უკან მოიტოვა მიკაელა შიფრინი, ვინც რეკორდული 86-ე გამარჯვებისთვის იბრძოდა. ამერიკელს რომ მოეგო, ის ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის მიღწევას გაიმეორებდა.

სტენმარკს მსოფლიო თასის 86 გამარჯვება აქვს მოპოვებული. შიფრინის ანგარიშზე ერთით ნაკლებია. თუმცა ის უკვე არის ქალ მოთხილამურეთა რეკორდსმენი. ადრე ქალთა შორის რეკორდი (82 მოგება) მის თანამემამულე ლინდსი ვონს ეკუთვნოდა.

სლალომის ორიდან პირველი ცდის შემდეგ, შიფრინს საუკეთესო დრო ჰქონდა და უახლოეს მდევარს 0.67 წამს უგებდა. თითქოს, მიზანთან ახლოს იყო. მაგრამ მეორე ცდის ბოლო მეტრებზე, სანუკვარი გამარჯვება ხელიდან გაუშვა. ბოლო მონაკვეთზე ის ჯერაც 0.15 წამს უგებდა დუერს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელთან 0.06 წამი წააგო.

შიფრინმა მეორე ცდაზე მხოლოდ მე-14 შედეგი დააფიქსირა. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიო თასზე სლალომის ბროლის მცირე გლობუსი გაენაღდებინა. ეს სლალომში მისი მეშვიდე გლობუსია.

მესამე ადგილი ხორვატმა ზრინკა ლიუტიჩმა დაიკავა, ვისთვისაც ეს მსოფლიო თასზე პირველი კვარცხლბეკია. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სპეციალისტები კარგ მომავალს უწინასწრმეტყველებენ. რაც შეეხება დუერს, ბოლო 11 წელიწადში ის პირველი გერმანელი ქალი მოთხილამურეა, ვინც მსოფლიო თასზე სლალომის მოგება შეძლო.

აბსოლუტურ ჩათვლაში, შიფრინი 731 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, სლოვაკ პეტრა ვლჰოვას.

0.111709