ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დღეს, 28 ნოემბერს დაიწყო მსოფლიოს თასის რიგით პირველი ეტაპი, რომელიც სალიცენზიო ტურნირია, თუმცა ჩვენი მსროლელები მასში ხვალ, 29 იანვარს ჩაებმებიან.
ხვალ პირადი პირველობები გაიმართება, სადაც ქალები და ვაჟებიც მიიღებენ მონაწილეობას. ქალთა ნაკრებში ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე გამოვლენ, ვაჟებში კი საქართველოს ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და კაკო მოსულიშვილი წარმოადგენენ.
ქალთა ტურნირი 11:30-ზე გაიმართება, ვაჟების საკვალიფიკაციო ეტაპი კი 13:30-ზე აიღებს სტარტს.
ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ახალი წელი წარმატებულად დაიწყეს. საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა 2 მედლით დაამთავრა გამოსვლა ხორვატულ ოსიეკში, „დიდ პრიზზე“, პნევმატური პისტოლეტიდან (10მ) სროლაში და თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამის შემდეგ კი სლოვენიაში კიდევ ერთი ოქროსა და ვერცხლის მედლის მიღება შეძლეს მათ.
მსოფლიოს თასის მეორე ეტაპს კაირო უმაპინძლებს 17-24 თებერვალს, მესამე ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში ჩატარდება 20-31 მარტს, მეოთხე და დასკვნითი კი პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება 11-24 აპრილს. ამასთან, 5-15 მარტს ტალინში ევროპის ჩემპიონატია 10-მეტრიან დისტანციაზე, სადაც ასევე გაიცემა „პარიზი-2024“-ის ლიცენზიები. საგზურების უმეტესობა სწორედ ამ შეჯიბრებებში განაწილდება.