იტალიურ „რომასა“ და ნიკოლო ძანიოლოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 23 წლის ფეხბურთელს ინგლისური „ბორნმუთი“ იწვევდა და „ჯალოროსის“ სატრანსფერო ფასზეც მოურიგდა (35 მილიონი ევრო), თუმცა გარიგება თვითონ ფეხბურთელმა ჩაშალა.
ძანიოლომ ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერში გადასვლაზე უარი თქვა და ტრანსფერი არ შედგა. ამ გადაწყვეტილებამ „რომას“ ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა, რომლებსაც ნიკოლო ტრანსფერზე ჰყავთ დაყენებული. საინტერესოა, რომ მანამდე „მილანიც“ იყო დაინტერესებული და ძანიოლო თანახმა იყო „როსონერიში“ გადასულიყო, მაგრამ მილანურ გრანდს ტრანსფერისთვის საჭირო ფინანსები არ აღმოაჩნდა.
შედეგად, ძანიოლო „რომაში“ რჩება, თუმცა იტალიური მედია წერს, რომ კლუბი მას მთავარ გუნდს ჩამოაშორებს და სეზონის ბოლომდე იტალიელ შემტევს თამაშის შესაძლებლობა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „რომამ“ 2018 წელს დაიმატა და მას შემდეგ 128 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა.