რაგბი

21:15 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბისა და ჯორჯიის რაგბის მხარდაჭერა საქართველოს

ამერიკის შტატის – ჯორჯიის რაგბის კავშირი 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს უქომაგებს. ამის შესახებ „ჯორჯია რაგბიმ“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ბორჯღალოსნები და ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან, ჩვენს შეძახილებს ოკეანის გაღმიდანაც გაიგონებენ, როდესაც მსოფლიო თასზე გიქომაგებთ“ – დაწერა თავის გვერდზე ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ მეისმა.

ეს მხარდაჭერა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2031 წლის მსოფლიო თასს აშშ მასპინძლობს, სადაც მანამდე ორი მასშტაბური სპორტული ფორუმი შედგება – 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და 2028 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. საგულისხმოა, რომ რაგბის მსოფლიო თასი პოპულარობითა და კომერციული თვალსაზრისით, საფეხბურთო მუნდიალისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მესამე ადგილზეა.

მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რაგბის დიდი მხარდაჭერა აქვს თავად მსოფლიო რაგბიდან, რომლის პრეზიდენტი სერ ბილ ბომონტი საქართველოს ახალ ელიტურ ტურნირებში მიწვევას პირდება. მან ეს სექტემბერში, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა და რაგბის დაარსების 200 წლის იუბილე ამისათვის საუკეთესო დროა.

სარაგბო გეოგრაფიის გაფართოვება ბილ ბომონტის საარჩევნო დაპირების ნაწილია და როგორც თავად განაცხადა – საერთაშორისო რაგბი „ჩაკეტილი კლუბი“ აღარ იქნება და ის ისეთ ქვეყნებსაც მოიცავს, როგორიც საქართველოა, რომელიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ძლიერ სარაგბო ერებთან შეხვედრის შესაძლებლობას მსოფლიო თასიდან მსოფლიო თასამდე არ უნდა ელოდოს. უფრო მეტიც, ბომონტის თქმით ტიერ 2-ის ქვეყნებს ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან თამაშის და „გახურების“ შანსი მსოფლიო თასის წინ უნდა ჰქონდეთ.

პრეზიდენტ ბომონტის მოლოდინები საქართველომ შარშან სრულად გაამართლა, როდესაც ისტორიაში პირველად, თანაც ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალია და ნოემბერში უელსი, თანაც ეს უკანასკნელი მისსავე მოედანზე, კარდიფში 65 ათასი მაყურებლის წინაშე.

„ფრინციფალითიზე“ სენსაციურ გამარჯვებამდე, ბილ ბომონტი უმაღლესი დონის დელეგაციით ეწვია ჩვენს ქვეყანას და საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობას ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ – საქართველო განვითარების სწორ რელსებზე დგას.

„ძალიან შთამბეჭდავია ის, რასაც საქართველოს რაგბის კავშირი აკეთებს. მათ აქვთ სწორი ხედვა და მსოფლიო რაგბი ქართული რაგბის გვერდით იდგება, რათა ეს სვლა ფინიშის ნიშნულამდე წარმატებით მივიდეს“ – აღნიშნა ბომონტმა. ქართული რაგბის მხარდაჭერა კონსულტაციებისა და ტრენინგების გარდა დაფინანსების ზრდასაც გულისხმობს, ხოლო რწმენას, რომ ყველაფერი გამოვა მთავრობის, რაგბის კავშირისა და გულშემატკივრების ერთიანი ენთუზიაზმი აძლევს – „საქართველოში მე ვნახე რაგბისადმი უდიდესი სამთავრობო მხარდაჭერა, რაც შესანიშნავი ფაქტია, ვფიქრობ, იმ პირობებში როდესაც ზედა სამთავრობო ეშელონებიდან ასეთი მხარდაჭერაა და ქვედა დონეზეც ისეთი ორგანიზებულობაა, როგორსაც რაგბის კავშირში ვხედავ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა“.

სამთავრობო მხარდაჭერის გარდა რაგბის განვითარებაში კერძო სექტორიც სულ უფრო მეტად ერთვება; თუკი აქამდე ეს ძირითადად ინფრასტრუქტურაში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა და 100 მილიონი დოლარის საქველმოქმედო ინვესტიცია იყო, წელს მას თიბისი ბანკი განახლებული და ქართული სპორტისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სასპონსორო ხელშეკრულებით შეუერთდება.

მსოფლიო რაგბის სრულ მხარდაჭერას წარმატების გარანტიას უწოდებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე. მისი თქმით, მილიონიანი დაფინანსების გარდა, მსოფლიო რაგბი კადრების, მათ შორის მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებაში, ახალი თაობის მორაგბეთა აღზრდაში, მარკეტინგსა და დაგეგმარებაში მონაწილეობს, რასაც ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში ლომის წილი მიუძღვის. ამასთან, წარმატებებში ის მხოლოდ ნაკრების ისტორიულ გამარჯვებებს არ გულისხმობს, არამედ რაგბის კავშირის ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიული და გამჭვირვალე მართვის დამკვიდრებასაც მოიაზრებს.

მსოფლიო რაგბმა უკვე განაცხადა, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და ტიერ 2-ის სხვა ქვეყნების მეტი ჩართულობისთვის ახალი, გაფართოებული ტურნირების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც მოიცავს და სცდება ექვს ერს. ვერსიებს შორის განიხილება ერთა თასი და ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი 12 ქვეყნის მონაწილეობით, რომელთა შორის საქართველო და იაპონია უპირობო კანდიდატები არიან. ამ მუშაობის შედეგად ახალი მსხვილი ტურნირის გამოცხადებას ანალიტიკოსები 2024 წლიდან ელიან.

ამ ეტაპზე ახალმა მიდგომამ სამხრეთ აფრიკა მოიცვა, რომელიც წელსაც და 2024-შიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ორივე ჯერზე იქ ქართველი ახალგაზრდებისგან დიდ წარმატებას ელიან. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის განცხადებით, მონაწილეობა უთუოდ საპატიოა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება და ახალი ვარსკვლავების გამოჩენაა, რომლებიც ეროვნულ გუნდს შეავსებენ და გააძლიერებენ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118013