ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა თანრიგში პირველი ფინალისტი გამოვლინდა - სტეფანოს ციციპასმა კარენ ხაჩანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალშია.
ბერძენმა რუს მეტოქეს 3 საათსა და 24 წუთში, 7:6, 6:4, 6:7, 6:3 აჯობა. შეხვედრა დაძაბული იყო და ორი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, მაგრამ მთლიანობაში ციციპასი უკეთ თამაშობდა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
სტეფანოსმა 18 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუსმა ჩოგბურთელმა 10 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ სტეფანოს ციციპასი დიდი სლემის ფინალში კარიერაში მეორედ ითამაშებს. პირველად მან ასეთ წარმატებას 2021 წელს მიაღწია, როცა როლან გაროსის ფინალში იასპარეზა.