საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ აღარ ითამაშებს. როგორც უნგრული კლუბის სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმა აღნიშნა, მას გუნდში არ ელოდებიან.
ზივზივაძის გარდა, დადასტურდა, რომ მიმდინარე თვეში „ფეჰერვარს“ კიდევ სამი ფეხბურთელი დატოვებს.
„ზივზივაძემ დანაშაული ჩაიდინა, რაც მიუღებელია. მან კლუბი უნდა დატოვოს და ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება. მას გუნდში არ ველოდებით“, - თქვა იუჰაშმა.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ მაისურით უნგრეთის ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა, ხოლო კონფერენს ლიგაზე - 6. თუმცა, ოქტომბერში პირველი გუნდიდან მოკვეთეს, რადგან თავისი ყოფილი გუნდის, „უიპეშტის“ ფანებს მიესალმა და ერთ-ერთ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა. ამის გამო ფანები გაბრაზდნენ და ბუდუ პირველ გუნდს ჩამოაშორეს.
28 წლის ქართველ თავდამსხმელს ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ბეერ-შევას „ჰაპოელსა“ და ლუბინის „ზაგლებიეს“ უკავშირებენ.