ფეხბურთი

2:15 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ერთა ლიგის და საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი შეცვალა

უეფაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს და შეიცვალა, როგორც ერთა ლიგის, ისე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი.

საკვალიფიკაციო ეტაპი

უეფას წევრი ნაკრებები 12 ჯგუფში განაწილდებიან, ზოგიერთი ჯგუფი 5-გუნდიანი იქნება, ზოგიც - ოთხგუნდიანი. ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპს სექტემბერში დაიწყებენ, ხოლო ხუთგუნდიან ჯგუფებში გუნდები საქმეში მარტში ან ივნისში ჩაერთვებიან.

ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გავლენ ფინალურ ეტაპზე, ან პლეი-ოფში ითამაშებენ (გააჩნია ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება).

აღსანიშნავია, რომ უეფას განახლებული ფორმატი ძალაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ შევა. ამრიგად, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი უცვლელია და ევრო 2024-იც 24-გუნდიანი იქნება.

ერთა ლიგა

ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მეოთხედფინალური სტადია დაამატეს, რომელიც მარტის თვეში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპი ისევ ნოემბერში შედგება, ხოლო ოთხთა ფინალი - ივნისში.

A დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები მეოთხედფინალში გავლენ და შინ-სტუმრად თამაშის პრინციპით გამარჯვებულები ოთხთა ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

A დივიზიონის მესამეადგილოსნები და B დივიზიონის მეორეადგილოსნები ერთმანეთში თამაშით გაარკვევენ რომელ ელიტაში ითამაშებენ მომდევნო ერთა ლიგაზე. გარდა ამისა, B დივიზიონის მეორეადგილოსნები C დივიზიონის მესამეადგილოსნებს შეხვდებიან.

ორივე შემთხვევაში ეს მატჩები ჩატარდება შინ-სტუმრად პრინციპით და წყვილებში გამარჯვებული ამგვარად გამოვლინდებიან. ცვლილებები ერთა ლიგის ახალი სეზონიდან შევა ძალაში.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კომენტარი გააკეთა: „უეფას ერთა ლიგის ტურნირის დაარსება წარმატებული ნაბიჯი იყო, რადგან ამხანაგური მატჩები უფრო კონკურენტუნარიანი მატჩებით ჩანაცვლდა. ახლა კი, ერთა ლიგაზე პლეი-ოფის შემოღებით გუნდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მატჩების რაოდენობის გაზრდის გარეშე უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის ცვლილებას, ახალი ფორმატი ყველა გუნდს მისცემს თანაბარ შანსს, რათა ფინალურ ეტაპებზე გავიდნენ. ახალი ფორმატი უფრო მეტ დაძაბულობას და ინტერესს გამოიწვევს“, - თქვა ჩეფერინმა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს 2025 წელს სლოვაკეთი, ხოლო ევროპის 2023 წლის სუპერთასს ყაზანის ნაცვლად ათენი უმასპინძლებს.

თეგებიუეფა
0.110657