ფეხბურთი

14:53 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ დასვენების დღესაც ივარჯიშა და "რომასთან" მატჩისთვის ემზადება

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ნაპოლის“ დაუბრუნდა. როგორც ნეაპოლური გამოცემები La Repubblica-ზე დაყრდნობით წერენ, ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა.

„ნაპოლის“ კვირას და ორშაბათს დასვენების დღე ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხვიჩამ ბაზაზე ივარჯიშა. მასთან ერთად იყვნენ ჟუან ჟეზუში და დიეგო დემე. დღეს „ნაპოლი“ საწვრთნელ პროცესს გუნდის მთელი შემადგენლობით განაახლებს და კვარაც გუნდს შეუერთდება.

მოგეხსენებათ, წინა კვირა კვარაცხელიამ გაციების გამო გამოტოვა და ორი თამაშიც გაუცდა, „კრემონეზესა“ და „სალერნიტანასთან“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გაიტანა, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრას 29 იანვარს, „სტადიო მარადონაზე“ „რომასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1271