სხვა

2:05 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელმა მოვინკელმა კორტინაში სუპერ-გიგანტში გაიმარჯვა

იტალიის კორტინა დ’ამპეცოში, კიდევ ერთი ჩქაროსნული რბოლა, ამჯერად სუპერ-გიგანტი გაიმართა, რომელიც ნორვეგიელი რაგნჰილდ მოვინკელის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერადაც მხოლოდ მეშვიდე შედეგს დასჯერდა ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვინც მსოფლიო თასის 83-ე რბოლის მოგებას ვერაფრით ახერხებს.

ამ მოგებით, ნორვეგიელმა სუპერ-გიგანტის ჩათვლაში, ლიდერობა იგდო ხელთ. მსოფლიო თასზე ეს მისი მესამე გამარჯვებაა. მოვინკელმა 0.30 წამით აჯობა ავსტრიელ კორნელია ჰუტერს, მესამეზე კი იტალიელი მარტა ბასინო გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.47 წამით ჩამორჩა. მეოთხე ადგილი შვეიცარიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლარა გუტ-ბერამიმ დაიკავა, ვინც ახალ ლიდერს 30 ქულით ჩამორჩება.

„ძალიან, ძალიან გახარებული ვარ. როცა ფინიშთან ჩემი დრო დავინახე, გაკვირვებული დავრჩი, რადგან ეს რთული რბოლაა“, - განაცხადა მოვინკელმა.

შიფრინმა ამჯერადაც ვერ შეძლო გამარჯვება. უფრო მეტიც, კვარცხლბეკზეც კი ვერ ავიდა. ის გამარჯებულს 0.62 წამით ჩამორჩა.

მსოფლიო თასის მორიგი ორი ეტაპიც იტალიაში, კრონპლაცში ჩატარდება, სადაც მოთხილამურეები სამშაბათს და ოთხშაბათს, გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111908