ავტოსპორტი

0:43 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიემ მონტე კარლოს რალი მეცხრედ მოიგო

ფრანგმა სებასტიან ოჟიემ რალის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი რბოლა, მონტე კარლოს რალი მოიგო. ეს ამ რბოლაში მისი მეცხრე გამარჯვებაა, რაც რალის ისტორიაში რეკორდია. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი „ტოიოტა იარისით“ ასპარეზობს, ოღონდ მხოლოდ ეტაპების ნაწილში აპირებს მონაწილეობის მიღებას და შესაბამისად, მეცხრე ტიტულის მოპოვების ნაკლები შანსი ექნება.

ოჟიემ 18.8 წამით აჯობა თანაგუნდელსა და მოქმედ ჩემპიონს, ფინელ კალე როვანპერას. მესამე ადგილზე კი ბელგიელიტიერი ნოივილი (ჰიუნდაი i20) გავიდა. „ტოიოტას“ კიდევ ერთი პილოტი, უელსელი ელფინ ევანსი მეოთხე ადგილს დასჯერდა, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ესტონელმა ოტ ტანაკმა (ფორდ პუმა) კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

ევანსმა პარასკევს ბევრი დრო დაკარგა, როცა ბორბალი დაეშვა და მის გამოსაცვლელად გაჩერდა. ეს რომ არა, კვარცხლბეკის სამივე საფეხურს იაპონური კომპანიის გუნდის წევრები დაიკავებდნენ. ცნობისათვის, მან ნოივილთან ნახევარ წუთზე ოდნვ მეტი წააგო.

ამ მოგებით, ოჟიე ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. მას 26 ქულა აქვს და მეორეზე მყოფ როვანპერას, ვინც ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის, ბონუს ქულები მოიპოვა, სამ ქულას უგებს. 17 ქულით მესამეზე ნოივილია.

აღსანიშნავია, რომ მონტე კარლოს რალი რვაჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლოებს, ვინც ამჯერად რბოლაში არ გამოსულა. სხვათა შორის, მან მონტე კარლოს რალი შარშან მოიგო. ოჟიე შარშანდელ რბოლასაც თითქმის ბოლომდე ლიდერობდა, მაგრამ ბოლოსწინა სპეც მონაკვეთზე საბურავმა უმტყუნა და გამარჯვება ლოებს დაუთმო.

ოჟიემ თავისი ცხრა გამარჯვება, ხუთ გუნდთან ერთად მოიპოვა. 2009 წელს „პეჟოს“ მანქანით გაიმარჯვა, 2014-2016 წლებში „ფოლკსვაგენის“ მანქანით, 2017 და 2018 წლებში „ფორდის“ მანქანით, 2019 წელს „სიტროენთან“ ერთად, 2021 წელს კი „ტოიოტასთან“ ერთად.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი შვედეთში, 9-12 თებერვალს გაიმართება.

0.110996