ჩეხმა თინეიჯერმა ლინდა ფრუჰვირტოვამ თანამემამულე მარკეტა ვონდროუსოვა 7-5, 2-6, 6-3 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ფრუჰვირტოვა 17 წლის და 273 დღისაა და ამ ასაკით, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. ეს მისთვის მეორე დიდი სლემის ტურნირია, რომელზეც ძირითად ბადეშივე მოხვდა.
ფრუჰვირტოვა გადამწყვეტ სეტში 3-1 აგებდა, მაგრამ ჩამორჩენა აღმოფხვრა და მასზე გაცილებით გამოცდილ მეტოქეს, მომდევნო ხუთ გეიმში აჯობა და შეხვედრაც მოგებით დაასრულა.
„ეს რაღაც არარეალური შეგრძნებაა. მე ჯერ 17 წლის ვარ და მეორე კვირასაც ვითამაშებ. ბოლო 16-ში ასეთ დიდ ტურნირზე“, - განაცხადა ფრუჰვირტოვამ, ვისაც მეოთხე წრეში, ხორვატ დონა ვეკიჩთან მოუწევს თამაში.
23 წლის ვონდროუსოვამ 2019 წელს როლან გაროსის ფინალში ითამაშა, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა და უწინდებურად კარგად ვეღარ ირჯება. მან ცუდ ფორმაში მყოფ მსოფლიოს მეორე ჩოგანს, ტუნისელ ონს ჟაბურს მოუგო. მაგრამ ამჯერად ბარგის ჩალაგება მას მოუწია.