ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ ჩემპიონატის აუთსაიდერ „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდა და საკმაოდ გაუჭირდა, სანამ მაკფადენმა თამაში თავის თავზე არ აიღო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 18:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა. თადმა 10-დან 4 სამქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მაკფადენმა 20-დან 15 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თავის გუნდს გამარჯვებაც მოუტანა და საუკეთესოც გახდა.
მესამე პერიოდის ბოლოს „მურსია“ საკმაოდ სუსტ მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით, 56:55 ამარცხებდა, თუმცა ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის გაბრწყინების შემდეგ, „მურსიამ“ მატჩი 88:72 მოიგო.
განაცხადში კვლავ არ ყოფილა რატი ანდრონიკაშვილი.
ამ გამარჯვების შემდეგ, „მურსიას“ ლიგა ენდესაში 16 ქულა დაუგროვდა და მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელების გუნდი 24 იანვარს, გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, 29 იანვარს კი უკვე ლიგა ენდესაში „ბასკონიას“ დაუპირისპირდება.