ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო მესის შეძენას საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი“ აპირებდა, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის ფეხბურთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მისი იქ გადასვლა ძალიან გაახარებდა.
ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შედგა. „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ვარსკვლავების გუნდი ლეო მესის და მის „პარი-სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდნენ და ამ ორი გიგანტის დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილეთ. ამის შემდეგ, მესის არაბეთში გადასვლის შესახებ ცნობები კვლავ გააქტიურდა, რასთან დაკავშირებითაც საუდის არაბეთის ფეხბურთის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ალკასიმმა ესპანურ „MARCA“-სთან ისაუბრა:
„ამ მომენტში მესის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა არ დავმალავ, რომ საუდის ფედერაციაში ძალიან გვსურს ერთ დღეს ის ჩვენთან ვიხილოთ.“
„ფედერაციის იდეა შიდა ფეხბურთის გაუმჯობესებაა და რა თქმა უნდა ჩვენ გვსურს მესი და რონალდუ ერთ ლიგაში კვლავ ვიხილოთ, თუმცა სიმართლე ის არის, რომ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით“ - განაცხადა საუდის არაბეთის ფეხბურთის ხელმძღვანელმა
თავის მხრივ, „პსჟ“ აქტიურად ამზადებს კონტრაქტს ლეო მესისთვის გასახანგრძლივებლად და ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ ის არის, რომ მესი საფრანგეთში დარჩება, თუმცა საუდის არაბეთში იმედს მაინც არ კარგავენ, რომ ერთ დღეს მსოფლიო ფეხბურთის ორ ვარსკვლავს კვლავ ერთად იხილავენ.