ესპანეთის თასის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ „ვილიარეალი“ სტუმრად დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„სამეფო კლუბმა“ „ვილიარეალთან“ ორი კვირის წინ ლა ლიგაში წააგო და ახლაც თამაში მისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: ეტიენ კაპუასა და სამუელ ჩუკვუეზეს გოლებით „ვილიარეალმა“ კარლო ანჩელოტის გუნდს ტაიმი 2:0 მოუგო.
თუმცა, მეორე ნახევარში „რეალმა“ ყველაფერი შეცვალა და დააქამბექა: ვინისიუსმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალიოსმა მადრიდული გრანდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანეს.
მეოთხედფინალში გავიდა „ბარსელონაც“, რომელმაც „სეუტა“ 5:0 გაანადგურა. „რეალისა“ და „ბარსას“ გარდა, ესპანეთის თასისთვის ბრძოლას „სოსიედადი“, „სევილია“, „ვალენსია“, „ბილბაო“, „ატლეტიკო“ და „ოსასუნა“ აგრძელებენ.