„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მათი ერთადერთი მიზანი იტალიის ჩემპიონობა არ არის. გარდა ამისა, ნიგერიელმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან დადებითად დაახასიათა.
"კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია, ვისთანაც მითამაშია? ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, წარმოუდგენელია. მას უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ რასაკვირველია, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურ ძლიერ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორებიცაა ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი, ისინიც ტექნიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტურია.
კვარა იმსახურებს ყველა იმ აღიარებას, რაც აქვს და კიდევ უკეთესს ვუსურვებ, რადგან ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. მოედანზე ერთმანეთს ვეხმარებით, ის ძალიან ბევრ პასს მაძლევს და ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ, ეს ორივესთვის მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ დიდი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, ვიდრე აკეთებს, მაგრამ ველი, რომ მომავალში უფრო მეტად დაგვეხმარება.
„კრემონეზესთან“ წაგება? ეს შეიძლება მოხდეს, ასეთია ფეხბურთი, არ შეიძლება ის შენთვის ყოველთვის კარგი იყო. ახლა მხოლოდ „სალერნიტანასთან“ მატჩზე ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ბოლო მარცხის გამოსყიდვა შეგვიძლია.
„იუვენტუსთან“ დაუვიწყარი საღამო იყო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა გახარებული ფანების დანახვა და ყველაზე ლამაზი სწორედ ის იყო, რომ მატჩის დასრულების შემდეგ გახარებული ხალხი დავინახე. მიზანი სეზონში? სკუდეტო არ არის ერთადერთი მიზანი, რომელიც ამ სეზონში გვაქვს“, - თქვა ოსიმენმა.
ვინაიდან, „ნაპოლი“ მხოლოდ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ოსიმენის სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლელთა მიზანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატების მიღწევაა, რომლის მერვედფინალში ლუჩანო სპალეტის გუნდი „აინტრახტს“ შეხვდება.
ვიქტორ ოსიმენს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 12 სერია A-ში, სადაც საუკეთესო ბომბარდირია.