იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა. მიზეზი ისევ გაციებაა.
როგორც ნეაპოლიტანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, სიფრთხილის მიზნით კვარა დღეს სახლში დარჩა და არც გუნდთან ერთად და არც ინდივიდუალურად უვარჯიშია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კვარას თამაშის საკითხი ხვალ გადაწყდება და დილის ვარჯიშზე შეაფასებენ მის მდგომარეობას - დღეს მათ უბრალოდ გარისკვა არ სურდათ.
სერია A-ს უახლოეს ტურში „ნაპოლი“ 21 იანვარს „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება და უცნობია, შეძლებს თუ არა, კვარაცხელია თამაშს. საქმე ისაა, რომ ხვიჩამ „კრემონეზესთან“ მატჩის გამოტოვა და ბოლო რამდენიმე ვარჯიშიც გაუცდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 20 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამი პენალტი მოიპოვა.