ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში, ამერიკელმა კოკო გოფმა ბრიტანელი ემა რადუკანუ 6-3, 7-6(4). მიმომხილველები ამ შეხვედრას, ქალთა მომავლის პირველ ჩვენებად მოიხსენიებენ, რადგან თვლიან, რომ ეს ორი ჩოგბურთელი ბევრს მიაღწევს და კიდევ არაერთხელ ვიხილავთ მათ ბრძოლას.
გოფი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისტია, რადუკანუს კი აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული. ამერიკელი 18 წლისაა და ბრიტანელზე ორი წლით უმცროსია. გოფმა პირველ სეტში სამი ბრეიკ პოინტი გააქარწყლა და თავად მოიპოვა უპირატესობა, რითაც სეტებში დაწინაურდა.
მეორე სეტის დასაწყისში უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მეოთხე გეიმში გოფმა ისევ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და 3-1 დაწინაურდა. რადუკანუმ ამჯერად საპასუხო ბრეიკის აღება მოახერხა, მაგრამ ტაიბრეიკზე მეტოქე უფრო სტაბილური იყო და გამარჯვებაც მას დარჩა.
„ემა შესანიშნავად თამაშობდა, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლოს. თავიდან ორივემ რთულად დავიწყეთ, თუმცა შეხვედრის ხარისხი მეტწილად უმაღლესი იყო. ორივე ვნერვიულობდით. ჩვენს შეხვედრას დიდხანს ელოდა ჩოგბურთის სამყარო და დაძაბულობასაც ეს გვიქმნიდა. მიხარია, რომ კარგი სანახაობა მოვაწყეთ“, - განაცხადა გოფმა, ვისთვისაც ეს WTA-ს ტურზე მე-100 გამარჯვებაა.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, რადუკანუ დიდი სლემის ტურნირებზე მესამე წრეში გასვლასაც ვეღარ ახერხებს. ამან ის რეიტინგში 77-ე ადგილამდე ჩამოაქვეითა. მიზეზი ძირითადად ხშირი ტრავმებია. ამჯერადაც, მელბურნში მისი თამაში კარგა ხანს სათუო იყო.
გოფის მომდევნო მეტოქე იქნება ამერიკელ ბერნარდა პერასა და ჩინელ ჟენ ქინვენს შორის გამარჯვებული.