ფეხბურთი

23:10 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "35 წლის ასაკში მეტი მუშაობა მიწევს, მაგრამ ისევ ძალიან მოტივირებული ვარ"

ბრატისლავის „სლოვანმა“ გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მცველი მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე საუბრობს. სლოვაკეთის ჩემპიონატში ზამთრის პაუზაა, მაგრამ „სლოვანი“ აქტიურად ემზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის.

„თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებდი, ცოტა ვიმოგზაურე კიდეც. სახლში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ხდება ისე, რომ 2-3 კვირის შემდეგ ვარჯიში გენატრება. მე ფეხბურთს არ ვუყურებ, როგორც სამუშაოს, არამედ ეს ჩემი გატაცებაა. მოუთმენლად ველოდები სათამაშო რიტმში შესვლას და სეზონის განახლებას.

ტყეში სირბილი გამოწვევა იყო და კარგად არ მაგონდება. ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ნამდვილად არ არის ჩვენთვის საყვარელი ეტაპი, დღეში ორჯერ მოედანზე ვვარჯიშობთ, ერთხელ დარბაზში, მაგრამ ვიცით, რომ კარგად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი სეზონისთვის ფორმაში ყოფნისთვის. კომფორტის ზონიდან გამოვდივართ, მაგრამ ეს კარგია. გვინდა სეზონის მეორე ნაწილიც კარგად ჩავატაროთ, რომ მიზნებს მივაღწიოთ.

რაც უფრო ასაკში ხარ, უფრო მეტი უნდა იმუშაო საკუთარი ორგანიზმისთვის. საჭიროა ხარისხიანი ძილი და ცხოვრების წესი. 35 წლისას უფრო მეტი შრომა მიწევს, ვიდრე 12-13 წლის წინ. მიხარია, რომ მთელი გუნდი შრომობს და საერთოდ მიზნისკენ მიისწრაფვის.

ხალხი ევროთასების მატჩებში სტადიონზე დაბრუნდა და ეს ფანტასტიკური იყო. მჯერა, რომ გულშემატკივრები სლოვაკეთის ჩემპიონატშიც დიდი რაოდენობით მოვლენ, რადგან მათი მხარდაჭერა აქაც გვჭირდება.

ჯერ კიდევ მშიერი ვარ და მატჩების მოგება მსურს, ვარჯიშებზეც კი. ჩემს თანაგუნდელებს ხშირად ვიწვევ (იცინის - რედ). ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს „სლოვანში“ და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.126352