ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ბაჯომ ჯანლუკა ვიალის შესახებ ისაუბრა, რომელიც სიმსივნით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
როგორც ბაჯომ აღნიშნა, შეშინებულია, რადგან მისი თაობის ბევრი ფეხბურთელი დაავადდა. როგორც იტალიელმა თქვა, როცა თვითონ ფეხბურთელი იყო, მაშინ ყველა მოიხმარდა გარკვეული სახის დოპინგს დანამატების სახით და ეს ნივთიერებები გამოსაკვლევია.
„ჯანლუკასთან მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს, ის გასახდელში კაცი და ლიდერი იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაზრდაში ეხმარებოდა, 21 წლის ვიყავი მასთან ერთად გუნდში რომ მოვხვდი და ჩვენზე ყოველთვის კარგად საუბრობდა. ჯანლუკა ჩვენი ცხოვრებიდან ძალიან ადრე წავიდა.
უნდა გამოვიკვლიოთ ის, რასაც იმ პერიოდში ვიღებდით, მიღებული ნივთიერებები გამოკვლეული უნდა იყოს. დოპინგი ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ უცნაური არაფერი მიგვიღია, გარკვეულ დანამატებს ვიღებდით და ახლა უნდა გავიგოთ, დროთა განმავლობაში ეს დანამატები სხეულზე როგორ მოქმედებენ. ეს ბევრ ფეხბურთელს დაემართა და მეც მეშინია. ჩემს წლებში დოპინგი იყო, გარდა ამისა, საუბრობდნენ ბალახშიც გარეულ გარკვეულ ნივთიერებებზე, რომელმაც შეიძლება პრობლემები წარმოშვა, ეს არის ის, რაც უნდა შემოწმდეს“, - თქვა ბაჯომ.
შეგახსენებთ, რომ დინო ბაჯო „ტორინოში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „პარმაში“, „ლაციოში“, „ბლექბერნში“, „ანკონასა“ და „ტრიესტინაში“ თამაშობდა, 1991-1999 წლებში კი იტალიის ნაკრებში 60-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.