ჩოგბურთი

10:40 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა (+VIDEO)

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იყო, რომელთანაც ოთხ სეტში: 6:4, 6:2, 4:6, 7:5 დამარცხდა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და 4:2-საც იგებდა, თუმცა მისი გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხა. ყველაზე ცუდი კი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც ნიკამ 6:2 დათმო. ჩვენებურმა ბოლო ორ სეტშიც იბრძოლა, რომელთაგანაც 1 მოიგო კიდეც, თუმცა მეოთხე სეტში მეტოქემ მეორე მატჩპოინტი გამოიყენა და ბასილაშვილისთვის ავსტრალიის ღია პირველობა პირველივე შეხვედრის შემდეგ დასრულდა.

შეხვედრა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ამ დროში ამერიკელს 32 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა, ხოლო ნიკოლოზს 9 ეისი და 11 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ ტეილორისთვის 32 ეისი კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და თუ აქამდე ურთიერთშეხვედრებში ბალანსი თანაბარი იყო, ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი დაწინაურდა - 3 მოგება და 2 მარცხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მესამე წრის მიღმა არასოდეს გაუღწევია, გასულ წელს კი ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ ენდი მარისთან პირველივე წრეში დამარცხდა.

ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგში 90-ე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ამ მარცხით მას ასეულში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. რაც შეეხება ტეილორ ფრიცს, ამერიკელი მეორე წრეში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინსა და ტაივანელ ჩუნ ჰსინ ცენგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137263