"დინამო თბილისმა" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართეს. ჩვენს გუნდს სპარინგ პარტნიორობა უკრაინული პრემიერ ლიგის ლიდერმა, დნიპრო 1-მა გაუწია.
მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა უკრაინული დროშის თანხლებით გუშინ, დნიპროში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას პატივი მიაგეს. თბილისელებმა დღეს გარდაცვლილი ლეგენდარული ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის - ბუბა კიკაბიძის ხსოვნის საპატივცემულოდ შეხვედრა შავი სამკლავურებით ჩაატარეს.
მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე, გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით დაინაურდნენ. მე-9 წუთზე მოისწრაფიშვილის აქტიურობას თორნიკე კირკიტაძის ზუსტი თამაში მოჰყვა და ანგარში 2-0 გახდა. დინამო სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ეპიზოდში მესამე გოლის გატანაც მართებდა, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო. არტიომ დოვბიკმა 35-ე წუთზე შედეგიანად ითამაშა. უკრაინელებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მე-40 და 41-ე წუთებზე თავი ევჰენი პიდლეპენეცმა და ვალენტინ რუბჩინსკიმ გამოიჩინეს. მეორე ტაიმი დინამოელებმა ახალი თერთმეტეულით დაიწყეს, თავად მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე საგოლე ეპიზოდი ორივე გუნდის კართან იხილა მოედანთან შეკრებილმა მაყურებელმა. შეხვედრის 75-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტი და ჩახვეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში 3-3 დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 18 იანვარს პლოვდივის ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
დინამო 3:3 დნიპრო-1
დინამო (პირველი ტაიმი): კუტალაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, უგრეხელიძე, მაისურაძე, სიგუა, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, ულად ომარი, კირკიტაძე, ბილენკი (იობაშვილი 33)
მეორე ტაიმი: კერესელიძე, მალი, ტაბიძე, ლაცაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, ოსეი (პარკაძე 85), სხირტლაძე, კამარა, პარკაძე (ოდიშარია 65), იობაშვილი (მარუშიჩი 60)
დნიპრო: კინარეიკინი, ბაბენკო, გომესი, გუცულიაკი, ჰამაჩე, ნაზარენკო, პასიჩი, პიდლეპენეცი, რუბჩინსკი, სვატოკი, დოვბიკი