ფეხბურთი

17:56 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

14 იანვრის ღამე არასოდეს დაგვავიწყდება!

ვისაც გინდათ დაგენაძლევებით, რომ საქართველოში ვიქტორ ოსიმენის სახელი უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე მაგალითად ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვინაობა. ეს ბოლომდე არც მინისტრის ბრალია და არც საკუთრივ ოსიმენის დამსახურებაა მიუხედავად იმისა, რომ შავტუხა ვიქტორი მართლაც მაგარი ფეხბურთელი და სუპერ პროფესიონალია. ვისი დამსახურებაა და ცხადია ხვიჩა კვარაცხელიასი, რომელმაც ლამის მთელი საქართველო იტალიური „ნაპოლის“ ტიფოზად გადააქცია და თბილისში ქუჩაში რიგითი ადამიანებისგან რასპადორის, ლობოტკას, მარიო რუის, მეკარე მერეტის და იგივე ოსიმენის სახელების მოსმენა-გაგონება ჩვეულებრივი ამბავია.

როგორც იცით, საქართველოში ძველით ახალ წელს ზოგ ოჯახში კვლავ აღნიშნავენ და მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, ბევრ ოჯახში 14 იანვარს, 1 იანვარზე არანაკლებად უხვი სუფრა იშლება. სუფრას ფული, ბაზარში წასვლა, პროდუქტების მოტანა და მომზადება სჭირდება. აბა დაჯდომას და კარგ სმა-ჭამას რა უნდა? ეგ რომელუ ლუკაკუსაც მშვენივრად შეუძლია, მაგრამ სადაა ლუკაკუს გასაფუჭებელი გოჭი და ინდაური?

გუშინ წინასაკალანდო ბაზარში ახალ წელზე, გაჭირვებასა და ზოგადად ჩვენს ყოფაზე მეტად, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაზე, „ნაპოლიზე“ და ტურინის „იუვენტუსთან“ სამხრეთელების თამაშზე ლაპარაკობდნენ. თითქმის ყველა თანხმდებოდა, რომ უკვე იყო დრო, ხვიჩა ძველებურად ათამაშებულიყო და ეს თუ იტალიის ყველაზე ტიტულოვან და მაგარ გუნდთან მოხდებოდა, ხვიჩას ისტორიული ბენეფისის მხილველნი გავხდებოდით. მადლობა ღმერთს, ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც გვინდოდა და რაზეც დიდი ხანი ვოცნებობდით.

გუშინდელ თამაშამდე გლდანში ტაქსების გაჩერებასთან ერთ-ერთი ახალგაზრდა ტაქსისტი ტელეფონში მთელი ხმით კითხულობდა „ნაპოლისა“ და “იუვენტუსის“ შემადგენლობებს. დიდი გარჩევა და კამათი მოჰყვა იმას, გააჩერებდა თუ არა ნეაპოლელების დაცვა „იმ პოლონელს“ (არკადიუშ მილიკზეა საუბარი) და „მაგარ არგენტინელს“ (დი მარია იგულისხმება). თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ „იუვენტუსს“ უფრო მეტი საფიქრალი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას სახით. ერთ-ერთი, ასაკოვანი ტაქსისტი იმერულ კილოზე წინდაწინ აგინებდა ლუჩანო სპალეტის, „კვარაცხელია თუ შეცვალო, შენი ასე და ისეო“. კვარაცხელია რომ უეჭველად ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, ეს ყველას სჯეროდა და მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უბრალოდ არც კი განიხილებოდა.

ღამის თამაშზე საუბრობდნენ ერთ-ერთ აფთიაქის თანამშრომელი გოგონებიც, რომლებიც როგორც აღმოჩნდა „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე მეტად, ამ ქალაქში ჩასვლაზე და ხვიჩას თამაშის სტადიონზე „ცოცხლად“ ნახვაზე ოცნებობენ. ბოლო პერიოდში ეს ოცნება ქართული საზოგადოების ყველა ფენაში იმკვიდრებს ფეხს. ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ ნეაპოლში ხვიჩას თამაშებზე ხალხის წასაყვანი ტურისტული მარშრუტებიც კი დაგეგმა.

ეს შეძლო ერთმა ქართველმა ბიჭმა, რომელმაც ევროპაში მოსაპარად და ავისსაქნელად კი არა, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა! საქართველოში დიდი და პატარა, კაცი და ქალი ფეხბურთზე საუბრობს, ადამიანებს ევროპაში მოგზაურობის სურვილი მასობრივად გაუჩნდათ და საქართველოს ნაკრების სამომავლო წარმატების იმედებზეც კი დავიწყეთ საუბარი.

ხოლო ის რაც გასულ ღამეს ხვიჩამ სტადიონ „დიეგო მარადონაზე“ ტურინელთა წინააღმდეგ ჩაიდინა, ქართველებს ალბათ დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. ასეთ ამბებს დავიწყება უბრალოდ არ ეგების!

0.108105