ფეხბურთი

10:24 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "უმაღლესი დონის გუნდი ვართ და ტოტალური ფეხბურთი ვითამაშეთ"
"ჩვენი დნმ არის შეტევა და ბურთის სწრაფი მოძრაობა, ამ თამაშმა ჩვენი მენტალიტეტი წარმოაჩინა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ (5:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მას უმაღლესი დონის გუნდი ჰყავს, რომლის მენტალიტეტი ამ თამაშში ნათლად წარმოჩინდა.

„ტოტალური ფეხბურთი ვითამაშეთ და „იუვეს“ დავუპირისპირდით იმის რწმენით, რომ ჩვენც ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც ისინი. ვაჩვენეთ, რომ მაშინაც შეგვიძლია კარგად თამაში, როცა გაგვიჭირდა, გაშვებული გოლის შემდეგ, რადგან დავრჩით ერთიანები და ეს ჩვენი ფანების წყალობითაც შევძელით. ბოლო წლებში „იუვე“ ყველაზე ძლიერი იყო და ახლა ვაჩვენეთ, რომ ჩვენც უმაღლეს დონეზე ვართ.

გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ, როგორც ეს დღეს გააკეთეს და შეუძლიათ პრესტიჟული მიზნებისკენ მიისწრაფოდნენ. ჩვენი დნმ არის შეტევა, თამაშზე კონტროლის დამყარება, ბურთის სწრაფად გადაადგილება და ამის გაკეთება კარგად ვიცით. ამ მატჩმა ჩვენი მენტალიტეტი ნათლად აჩვენა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.128991