ფეხბურთი

19:23 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ალეგრი "იუვეს" ფილოსოფიას ერგება, ჩვენ სხვა მენტალიტეტით ვთამაშობთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელმაც ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიაზე შეკითხვის და შესაბამისად, პასუხის გარეშე ჩაიარა.

თუმცა, რა თქმა უნდა, სპალეტიმ მატჩამდე ისაუბრა და განსაკუთრებით, მეტოქისა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ.

„ეს იქნება მატჩი, რომლის მოგება ორივე გუნდს სურს. სწრაფად თამაში დაგვჭირდება და ტაქტიკური ბალანსი ფუნდამენტური იქნება.

მესმის, რომ ალეგრისთვის მეორეხარისხოვანი როლის თამაში უკეთესია, მაგრამ აზრი არ აქვს ქუდით და ყალბი წვერით შენიღბვას, ისინი ფავორიტები არიან და ამ როლს თავს ვერ დააღწევენ. მათ ინვესტიციები გააკეთეს სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, არ არსებობს მეოთხე ადგილი, რომელიც იუვენტუსს დააკმაყოფილებს. ამის დამალვას აზრი არ აქვს.

ალეგრი ჩემზე უკეთესია, ამაზე მოწმობს მისი ტიტულები, რომელთა წინაშე ქედს ვიხრი. ალეგრი მშვენივრად ერგება იუვენტუსის დევიზს, ანუ, გამარჯვება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია. ამ გუნდებს განსხვავებული ფილოსოფია აქვთ, აქ ნახეს მარადონას თამაში, რომელმაც ტიტულები მოიგო და თან ხალხს აჩვენა, რამდენად ლამაზია ფეხბურთი. ჩვენც ვცდილობთ ამ მენტალიტეტით ვითამაშოთ.

ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ მოედანს და ბურთს დაგვითმობს. ისინი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობენ, მთელი გუნდი საჯარიმოსთანაა განლაგებული და კონტრშეტევებში ძლიერები არიან, ამიტომ, როცა შეტევაში ვიქნებით, ბალანსი აუცილებლად უნდა დავიცვათ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.12425