ფეხბურთი

2:42 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშზე: "გიგანტი და გუნდის მხსნელი იყო"

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ვალენსია“ მადრიდის „რეალთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ პენალტებში გიორგი მამარდაშვილმა ვერცერთი დარტყმა მოიგერია, ქართველს მაინც შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

22 წლის მამარდაშვილმა ძირითად და დამატებით დროში „ვალენსია“ არაერთხელ იხსნა და მისი თამაში ესპანურმა მედიამ ძალიან დადებითად შეაფასა.

AS: „ის ფინალში მხსნელი, გიგანტი იყო. მან გუნდი დამატებით დრომდე მიიყვანა, როდესაც ვინისიუსს პირისპირ აჯობა. დამატებით დროში მორიგი სეივი მიითვალა ვინისიუსის საჯარიმოს გარედან დარტყმის შემდეგ და მერე კროოსაც აჯობა. პენალტების სერიაში მოდრიჩის დარტყმას შეეხო, მაგრამ არასაკმარისად“.

Marca: „ვალენსიას“ გიგანტი გმირი მამარდაშვილი ჯილდოს გარეშე დარჩა. მას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, „ვალენსია“ ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ სუპერთასს თავაწეული დაემშვიდობა. თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი მამარდაშვილი იყო. ქართველმა აჩვენა, რატომ არის ის მეკარე, რომლის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. 96-ე წუთზე ვინისიუსს აჯობა და თამაში დამატებით დრომდე მიიყვანა. მატჩის მიწურულს მამარდაშვილი გიგანტი გახდა, ბრაზილიელს ერთი-ერთზე აჯობა, მეორედ მისი შორეული დარტყმა კუთხეში მოიგერია, ბოლოს კროოსის საჯარიმოს გარედან დარტყმას გაუმკლავდა“.

Eldesmarque: „ფეხით თამაში, როცა პრესინგის ქვეშაა უჭირს, თუმცა კარის ხაზზე დაუძლეველი იყო. გუნდი რამდენიმე გოლისგან გადაარჩინა“.

Superdeporte: „ქართველის კარგი მატჩი. ის ყოველთვის მზად იყო „ვალენსიას“ გადასარჩენად, როცა „რეალი“ სახიფათოდ უტევდა“.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ მომდევნო მატჩს 18 იანვარს, ესპანეთის თასზე ხიხონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.118331