სებასტიან ლოებმა დაკარის ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო, რბოლის ლიდერად კი ისევ ნასერ ალ-ატია რჩება, ვისთვისაც ახლა უკვე მთავარი არა ეტაპების მოგება, არამედ სიფრთხილე და ლიდერობის შენარჩუნებაა.
მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა მიმდინარე დაკარზე უკვე ოთხი (ზედიზედ მესამე) ეტაპი მოიგო და რომ არა რბოლის დასაწყისში უიღბლობა, ალ-ატიას (ტოიოტა) მშვიდი ცხოვრება არ ექნებოდა. ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი) 114-კილომეტრიანი მე-10 ეტაპი, უახლოეს მდევარ მატიას ეკსტრომზე (აუდი) სამი წუთით ადრე დაამთავრა. მესამეზე კი ბრაზილიელი ლუკას მორაეში (ოვერდრაივ რეისინგი) გავიდა, ვინც უკან მოიტოვა ალ-ატია.
მორაეში 10 ეტაპის შემდეგ მეორე ადგილს ინარჩუნებს, ლოები კი მესამეზეა. თუმცა ისინი ლიდერისგან იმდენად შორს არიან, რომ თუ არა კატარელის უიღბლობა, მის გასწრებას ვერ მოახერხებენ. თუმცა ცარიელ მეოთხედში (ასე ეძახიან საუდეთის სამხრეთში მდებარე ქვიშის უდაბნოს, რომლის დიუნების სიმაღლე 250 მეტრსაც კი აღწევს), რომელშიც რბოლამ სწორედ მე-10 ეტაპზე შეაღწია, ყველაფერია მოსალოდნელი.