ფეხბურთი

0:38 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ვიალიმ ბოლო შეხვედრაზე 2026 წლის მუნდიალის მოგება მთხოვა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტელეკომპანია Rai 1-თან ინტერვიუში ჯანლუკა ვიალის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი იყო. როგორც მან თქვა, ვიალიმ ბოლო შეხვედრაზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოგება სთხოვა.

„ლუკასთან ერთად გავატარე მრავალი წელი და ალბათ ყველაზე ლამაზი წლები, ჩვენი ახალგაზრდობა. ერთმანეთი გვიყვარდა, როგორც ძმებს. ეს მომენტი ჩემთვის ადვილი არაა, მაგრამ ლუკა ისეთი გვემახსოვრება, როგორიც იყო. რამდენიმე წელი ერთად ვცხოვრობდით, მერე მეზობლებიც ვიყავით, 10 წლის განმავლობაში ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა. როცა ჩვენი გზები გაიყარა, მაინც მეგობრებად დავრჩით და როცა ერთმანეთს ისევ შევხვდით, ისეთი ურთიერთობა გვქონდა, თითქოს მანამდეც ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით. მიხარია, რომ ლუკას მეგობარი ვიყავი, ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო. მან ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალი უნდა მოგვეგო და ის ჩვენთან ერთად იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და რა თქმა უნდა, ისიც ჩვენთან ახლოს იქნება“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი და რობერტო მანჩინი წლების განმავლობაში გენუის „სამპდორიასა“ და იტალიის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო შემდეგ იტალიის ნაკრებში მანჩინის მწვრთნელობისას ვიალი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო და 2021 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხეს. ვიალი 6 იანვარს, პანკრეასის სიმსივნით 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.119452