„ინტერმა“ იტალიის თასზე ტიტულის დასაცავად თამაში წარმატებით დაიწყო და მეოთხედფინალში გავიდა. სიმონე ინძაგის გუნდმა მერვედფინალში „სან სიროზე“ სერია B-ს წევრი „პარმა“ გაჭირვებით და დამატებით დროში, მაგრამ მაინც დაამარცხა.
38-ე წუთზე სტანკო იურიჩის საოცარი გოლით პარმელები დაწინაურდნენ და 88-ე წუთამდე ანგარიშს ინარჩუნებდნენ, თან ისე, რომ „ინტერს“ კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონდა. არც ექნებოდა, რომ არა რიკოშეტი ლაუტარო მარტინესის დარტყმის შემდეგ და ანგარიში გათანაბრდა. „ნერაძურის“ მოგება ძირითად დროში შეეძლო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ედინ ჯეკოს დარტყმა ჯანლუიჯი ბუფონმა ბრწყინვალედ მოიგერია, მოძრაობის საპირისპიროდ, მაგრამ უბერებელმა მეკარემ რეაქცია არ დააყოვნა - დიდებული სეივი იყო! დამატებითი დრო „პარმამ“ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე რეალური მომენტი გაანიავა, აი, 110-ე წუთზე კი ფრანჩესკო აჩერბიმ მილანელებს მოაგებინა.
ჯიჯი ბუფონზე ცალკე უნდა ვთქვათ! ის 17 დღეში 45 წლის გახდება, მაგრამ ისევ თამაშობს და ისევ ფორმაშია. ჯიჯის იტალიის თასზე დებიუტი 25 წლის წინ ჰქონდა და ახლა ამ ტურნირზე კვლავ ითამაშა. „სან სიროზე“ ეს მისი 50-ე მატჩი იყო და პირველად „საფეხბურთო ლა სკალაში“ 27 წლის წინ ითამაშა. 44 წლის, 11 თვისა და 18 დღის ასაკში ის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, რომელმაც „სან სიროზე“ ითამაშა.
„პარმას“ შემადგენლობაში მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო მოედანზე ისეთი, რომელიც დაბადებული იყო მაშინ, როცა ბუფონს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა... სიტყვები ზედმეტია, ჯანლუიჯი ბუფონი უნიკალური მეკარე და ადამიანია. საწყენია, რომ „ინტერის“ ტიფოზები მას მთელი თამაშის განმავლობაში უსტვენდნენ.
„პარმა“ იტალიის თასიდან გავარდა, მაგრამ სერია A-ში დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებს. „ინტერი“ მეოთხედფინალში „ატალანტასა“ და „სპეციას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ინტერი“ – „პარმა“ 2:1 დ.დ (0:1)
გოლები: 0:1 იურიჩი (38), 1:1 ლაუტარო (88), 2:1 აჩერბი (110)