ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ლუკას პერესმა „კადისიდან“ ლა კორუნიის „დეპორტივოში“ დასაბრუნებლად ტრანსფერის ფული თვითონ გადაიხადა.
„დეპორი“, რომელიც გასული საუკუნის მიწურულსა და მიმდინარეს დასაწყისში ესპანური ფეხბურთის წამყვან როლში იყო, ახლა მძიმე დროებას განიცდის, ესპანეთის მესამე ლიგაშია და ფინანსურადაც არ ულხინს.
ამიტომაც, პერესი იძულებული გახდა, ნახევარი მილიონი ევრო საკუთარი ტრანსფერისთვის „კადისისთვის“ თვითონ გადაეხადა, რათა მშობლიურ გუნდს სეგუნდა დივიზიონში დასაბრუნებლად დახმარებოდა. გარდა ამისა, მან ლა ლიგაში თამაშს მესამე დივიზიონში გარჯა არჩია და ხელფასიც მნიშვნელოვნად შეიმცირა.
34 წლის ესპანელმა „დეპორტივოში“ დაბრუნების პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა „უნიონისტას დე სალამანკასთან“ მან ორი გოლი გაიტანა და „დეპორს“ გამარჯვებაში დაეხმარა (3:0).
„დეპორტივო“ 18 ტურის შემდეგ 35 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „კორდობას“ 4 ქულით ჩამორჩება.