„ალ ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი საუდის არაბეთში გადასვლა 1975 წელს პელეს მიერ „ნიუ იორკ კოსმოსში“ გადასვლას შეადარა:
„კრიშტიანუ რონალდუ მოთამაშეზე მეტია. ძალიან კარგია, რომ ის ჩვენს გუნდს შემოუერთდა. საუდის არაბეთის განვითარებისთვის მისი „ალ ნასრში“ გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ტრანსფერი პელეს „ნიუ იორკ კოსმოსში“ ტრანსფერს ჰგავს. ახლა ჩვენი კლუბი მსოფლიოში ყველამ იცის, სოციალურ ქსელში ჩვენი მიმდევრების რაოდენობა კი რამდენიმე დღეში 800 000-დან 10 მილიონზე ავიდა. თუ დღეს დაკარის რალი აქ ტარდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სპორტისა და კულტურის განვითარებაში ქვეყანას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.“ - განაცხადა რუდი გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ პელემ კარიერის უდიდესი ნაწილი სამშობლოში, „სანტოსის“ შემადგენლობაში გაატარა, 1975 წელს კი აშშ-ში, „ნიუ იორკ კოსმოსში“ გადავიდა და კარიერა იქ დაასრულა.
კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრთან“ 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და გავრცელებული ცნობებით, ის წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.