ავტოსპორტი

1:07 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა მერვე ეტაპი მოიგო, ალ-ატია ისევ ლიდერია

დაკარის რალი მარათონის მერვე ეტაპი ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიგო, აბსოლუტურ ჩათვლაში კი კვლავ კატარელი ნასერ ალ-ატია ლიდერობს, ვინც უახლოეს მდევარს საათზე მეტს უგებს.

ორშაბათს რბოლაში შესვენების დღეა, რის შემდეგაც მონაწილეები მეორე კვირას დაიწყებენ და 15 იანვარს ფინიშს მიაღწევენ.

რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი), 345-კილომეტრიან სპეცმონაკვეთზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და აბსოლუტურში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. კარლოს საინსს (აუდი) წესების დარღვევისთვის, ხუთწუთიანი ჯარიმა დაუმატეს, რამაც ის მესამე ადგილზე ჩამოაქვეითა.

ეს მიმდინარე დაკარზე ლოების მიერ მოგებული მეორე ეტაპია. თუმცა აბსოლუტურში ლიდერ ალ-ატიას (ტოიოტა) საათით და 52 წუთით ჩამორჩება. კატარელს საათით და სამი წუთით ჩამორჩება სამხრეთაფრიკელი თანაგუნდელი ჰენკ ლეტიგანი.

მოტოციკლების კლასში ამერიკელი სკაილერ ჰოუვსი (ჰუსკვარნა) ლიდერობს, ვინც უახლოეს მდევარს, არგენტინელ კევინ ბენავიდესს (KTM) სულ რაღაც, 13 წამით უგებს. მერვე ეტაპი კი ბოტსვანელმა როს ბრენჩმა (ინდიან ჰირო) მოიგო.

0.118081