ფეხბურთი

0:09 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, პენალტი მას უნდა დაერტყა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელ მწვრთნელს ჯერ DAZN-ის პირდაპირ ეთერში და მერე პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე შეკითხვები დაუსვეს.

როგორც სპალეტიმ თქვა, ხვიჩამ ბრწყინვალედ ითამაშა და ისიც აღნიშნა, რომ პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელს უნდა დაერტყა, რომელიც საბოლოოდ მატეო პოლიტანომ შეასრულა და ვერ გაიტანა.

„პენალტისტი კვარაცხელიაა და პირველი პენალტი მას უნდა დაერტყა. თუმცა, შეიძლება მოედანზე იყოს ფეხბურთელი, რომელსაც დარტყმა სურს და თუ ისინი შეთანხმდებიან, ეს ცუდი არ არის, კარგია. ნორმალურია ეს ყველაფერი და პენალტების შემსრულებლის შესახებ ეჭვები, არასწორი მოსაზრებაა.

კვარამ დღეს ყველა ასპექტით ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში სივრცეებს ეძებდა. უცნაური არაფერია, რომ შევცვალე, რადგან 5 შეცვლა მაქვს და შემიძლია ის გავაკეთო, რაც მინდა და რაც სწორად მიმაჩნია. კვარაცხელია ბევრს ფიქრობს? ფიქრი ყოველთვის კარგია. ალბათ მას სჭირდება რიტმის დაბრუნება, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ მას ზურგის ტრავმის გამო გაჩერება მოუწია. დღეს მან კარგად ითამაშა“, - განაცხადა სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 თამაშში ისევ 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე სწორედ ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება.

0.111638