ფეხბურთი

23:15 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დამაჯერებელი გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად გენუის „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უპირატესობა შეინარჩუნა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა წინა ტურში „ინტერთან“ წააგო, მომდევნო მატჩი „იუვენტუსთან“ აქვს და ბუნებრივია, აუტსაიდერ „სამპდორიასთან“ ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. არც დაუცდა, რადგან ნეაპოლიტანელებმა გენუელებს ძალიან მარტივად აჯობეს - კლასში სხვაობა იგრძნობოდა.

მე-6 წუთზე მატეო პოლიტანომ ანგარიშის გახსნის იდეალური შანსი ვერ გამოიყენა და პენალტი გააცუდა. ხვიჩა კვარაცხელია ამ დროს მოედანზე იყო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი იტალიელმა შეასრულა... მე-19 წუთზე ლუჩანო სპალეტის გუნდი მაინც დაწინაურდა, ვიქტორ ოსიმენის გოლით, რომელმაც მარიო რუის იდეალურ პასზე იდეალურად ითამაშა. ტაიმის მიწურულს ტომას რინკონის გაძევების შედეგად „ნაპოლიმ“ რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო, რითაც ხელ-ფეხი საერთოდ გაეხსნა. 82-ე წუთზე კი ელიფ ელმასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩრდილომაკედონიელმა თავი პენალტით გამოიჩინა - ამ დროისთვის კვარა მოედანზე არ იყო და ბუნებრივია, პენალტს ვერ დაარტყამდა.

ხვიჩამ 62 წუთი ითამაშა და წინა მატჩთან შედარებით გაცილებით აქტიური იყო, მაგრამ საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მომენტებიც შეექმნა, ორჯერ ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. ამრიგად, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 თამაშში ისევ 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე სწორედ ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება.

0.100197