სხვა

0:08 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანადელმა გრანიემ მსოფლიო თასის პირველი რბოლა მოიგო

სლოვენიის კრანისკა გორაში, ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც კანადელმა ვალერი გრანიემ მოიგო. ეს მის კარიერაში, მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვებაა. გრანიემ უკან მოიტოვა იტალიელი ფავორიტი მარტა ბასინო.

ყველას ყურადღება ამერიკელი მიკაელა შიფრინისკენ იყო მიპყრობილი, ვისაც კარიერაში მსოფლიო თასის 82-ე გამარჯვების მოპოვების შანსი ჰქონდა. მაგრამ ის მხოლოდ მექვსე ადგილს დასჯერდა და სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდის (მსოფლიო თასზე 82 მოგება) გამეორებაც გადაიდო.

გრანიემ ორი ცდა ჯამში წუთსა და 55.01 წამში დაასრულა და 0.37 წამით აჯობა ბასინოს. მესამეზე კი სლოვაკი პეტრა ვლჰოვა გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.40 წამით ჩამორჩა.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ. ახლაც არ მჯერა, რომ მოვიგე. ამ გამარჯვებას ძალიან დიდხანს ველოდი. ახლა ტირილი მინდა, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა 26 წლის გრანიემ.

შიფრინი, ვისაც აქამდე ზედიზედ ხუთი რბოლა ჰქონდა მოგებული, მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს. მას 1015 ქულა აქვს და 369 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ვლჰოვას.

კრანისკა გორაშივე კვირას გიგანტური სლალომის კიდევ ერთი რბოლა გაიმართება.

0.111055