„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ორი შეკითხვა დაუსვეს და პასუხებიც გასცა.
პირველი შეკითხვის შინაარსი იყო, რომ კვარაცხელიამ დაკარგა სიმკვეთრე და როდის დაბრუნდება საუკეთესო ფორმაში, ხოლო მეორე შეკითხვა ფლანგიდან მის ცენტრში შესაძლო გადაწევას ეხებოდა.
„მისი პირველი დამცველი ვიქნები, როცა კრიტიკას დაიწყებთ. ეს არის ის, რასაც ადრე თქვენგან ვითხოვდი, როცა აქებდით და თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით. მაღალი დონის ფეხბურთელების ხვედრი ჩვეულებრივ ასეთია, თუ ვერ თამაშობს ისე, როგორც შეუძლია, ადვილად ექცევა ყურადღების ქვეშ. ჩემი აზრით, მას „ინტერთან“ ცუდად არ უთამაშია, ზონებში თავისუფალი სივრცეების მოძებნას ცდილობდა, ერთ-ერთი იყო, ვინც კარისკენ დაარტყა, საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, უბრალოდ თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს, რადგან ვარჯიშებზე ვხედავთ, რომ იგივეს აკეთებს, რასაც მისგან მიჩვეული ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას პრაქტიკაშიც მალე გააკეთებს.
ცენტრში მისი გადაწევა? თუ ვსაუბრობთ „გალიაზე“ და ორმაგ მეურვეობაზე, მოედნის ცენტრში უფრო მეტად მოუწევს ასეთ წინაღობებთან თამაში, რადგან იქ უფრო ადვილია ორმაგი მეურვეობა. ფლანგზე თამაშის დროს მას სჭირდება მოედნის მცირე თავისუფალი ნაწილი, მაგრამ ცხადია, რომ ორივე ზონაში თამაში შეუძლია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.