ავტოსპორტი

22:55 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეტერანსელი დაკარს გამოეთიშა

დაკარის რალი მარათონის მეექვსე ეტაპზე, ასპარეზობას 14-გზის ჩემპიონი, ფრანგი სტეფან პეტერანსელი გამოეთიშა. მოქმედმა ჩემპიონმა ნასერ ალ-ატიამ კი ლიდერის პოზიცია განმტკიცა და ახლა უახლოეს მდევარს საათზე მეტს უგებს. პრობლემები ისევ შეექმნა კარლოს საინსს, ვისაც გამარჯვების შანსი ასევე დაკარგული აქვს.

„მისტერ დაკარს“ (ასე მოიხსენიებენ პეტერანსელს, ვისაც დაკარი 14-ჯერ აქვს მოგებული) ეტაპზე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ 212-ე კილომეტრზე ავარია მოუვიდა. მისი ნავიგატორი ედუარდ ბულანჟერი ჰოსპიტალში წასაყვანი გახდა, რადგან ზურგის ტკივილებს უჩიოდა. ბედად დადგინდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს.

მეექვსე ეტაპამდე პეტერანსელი (ფოტოზე) მეორე ადგილზე იყო და ლიდერ ალ-ატიას 22 წუთზე მეტით ჩამორჩებოდა. ფრანგი რომ რბოლა გამოეთიშა, ეტაპი კატარელმა მოიგო. მისთვის ეს მიმდინარე დაკარზე მოგებული მესამე ეტაპია. მან სამწუთნახევრით აჯობა რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთიდან, სებასტიან ლოებს.

ექვსი ეტაპის შემდეგ, საუკეთესო დრო ალ-ატიას აქვს, ვინც მეორეზე მყოფ სამხრეთაფრიკელ ჰენკ ლეტიგანს საათს და ექვს წუთს უგებს.

0.119463