ფეხბურთი

17:35 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავტობუსზე დაგვიანება: ჯანლუკას ცრურწმენა, რომელმაც გაამართლა

ფეხბურთმა ჯანლუკა ვიალიც დაკარგა, რომელიც პანკრეასის კიბოს დაავადებით 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯანლუკა ვიალი 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც ფეხბურთში თავისი კვალი ნამდვილად დატოვა. მძიმე სენის მიუხედავად, ჯანლუკა ბოლო დრომდე ფეხბურთში მუშაობდა და იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

ამ პოსტს იკავებდა ის ევრო 2020-ზეც, რომელიც „სკუადრა აძურას“ ტრიუმფით დასრულდა. სწორედ ევროპის ჩემპიონატსა და ჯანლუკას უკავშირდება საინტერესო ისტორია.

იტალიის ნაკრები მეორე ტურში რომში შვეიცარიის ნაკრებს ხვდებოდა, როდესაც ფლორენციაში, „კოვერჩანოს“ ბაზიდან (სადაც იტალიის ნაკრები იყო დაბინავებული), გუნდის ავტობუსი რომისკენ დაიძრა, გაირკვა, რომ ავტობუსში ვიალი არ იყო. მას დააგვიანდა. თუმცა, ცხადია, ავტობუსი უკან დაბრუნდა და ჯანლუკაც თან წაიყვანეს.

„სკუადრა აძურამ“ შვეიცარია 3:0 დაამარცხა და იმ მოგებით მერვედფინალის საგზური გაიფორმა. მას მერე კი, დარჩენილი ხუთი მატჩის წინ (უელსი, ავსტრია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი) ვიალი ავტობუსში ასვლას ყოველთვის „აგვიანებდა“. ეს უკვე აღარ იყო შემთხვევითობა, არამედ, „ცრურწმენის“ გამო აგვიანებდა - ჯერ ავტობუსი დაიძრებოდა და მასში ვიალი შემდეგ ადიოდა.

საბოლოოდ, ჯანლუკასა და იტალიელთა ცრურწმენამ გაამართლა და ევროპის ჩემპიონი იტალია გახდა. ალბათ, ვისაც უნახავს, არ დაავიწყდება, ვიალის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ, როცა ინგლისთან პენალტების სერიას ზურგი აქცია და მხოლოდ ემოციებით ხვდებოდა, რაც მოედანზე ხდებოდა. არც ის დაავიწყდებათ, როგორ ემოციურად აღნიშნავდა ის თითოეულ მოგებას თავის სიყრმის მეგობარ რობერტო მანჩინისთან ერთად...

სხვათა შორის, იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის მატჩები, რომელიც დამდეგ შაბათ-კვირას გაიმართება, ვიალის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110041