ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლონდონის კლინიკაში მკურნალობდა, მაგრამ დაავადებასთან გამკლავება ვერ შეძლო.
ვიალის 2017 წელს პანკრეასის კიბო დაუდგინდა. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო პერიოდში დაავადება დაუბრუნდა და სიტუაცია დამძიმდა. ამიტომაც, რამდენიმე კვირის წინ იტალიის ნაკრები დატოვა, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელად მუშაობდა და მთლიანად მკურნალობის პროცესზე გადაერთო.
ჯანლუკა ვიალის საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი გენუის „სამპდორიაში“, რომლის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა და გენუურმა გუნდმა ისტორიაში ერთადერთი სკუდეტო სწორედ მისი ლიდერობით მოიგო (1991 წელს), გარდა ამისა, ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა (1992 წელს).
ვიალიმ ჩემპიონთა ლიგა მაინც მოიგო, ოღონდ 1996 წელს „იუვენტუსის“ მაისურით და ტურინული გრანდის ბოლო კაპიტანია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი აღმართა. ჯანლუკას ბოლო კლუბი „ჩელსი“ იყო, სადაც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებდა, ხოლო კარიერა მშობლიური ქალაქის, კრემონას გუნდ, „კრემონეზეში“ დაიწყო.
იტალიის ნაკრებში ვიალიმ 1985-1992 წლებში 59-ჯერ ითამაშა და 16 გოლი გაიტანა. ის „სკუადრა აძურაში“ ბოლო წლებში რობერტო მანჩინისთან ერთად მუშაობდა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რობერტო მანჩინისა და მისი ურთიერთობა, რომლებიც 30 წელზე მეტად ახლო მეგობრები იყვნენ და „სამპდორიაში“ შეტევის მათ დუეტს ცნობილი მეტსახელიც აქვს - გოლის ტყუპები. მანჩინის ბოლო პერიოდში სიმსივნით მეორე ახლო მეგობარი გარდაეცვალა - ვიალიმდე სინიშა მიხაილოვიჩი.