ფეხბურთი

23:47 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის 90 წუთი "იუვენტუსთან" და ტურინელთა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში ლუკა ლოჩოშვილმა „იუვენტუსთან“ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მისი „კრემონეზე“ დამარცხდა და მიმდინარე სეზონში ისევ მოუგებლად ასპარეზობს.

არადა, კრემონელებმა ტურინულ გრანდს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ორჯერ მეტოქის კარის ძელიც შეაზანზარეს, ერთხელ გოლი მცირე თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს და წამგებიანი გოლიც 91-ე წუთზე გაუშვეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „იუვენტუსი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, ბევრი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

ლოჩოშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, დაცვაში დამაჯერებელი იყო და მისი ზონიდან ტურინელებს საფრთხე პრაქტიკულად არ შეუქმნიათ. ლუკას თამაში Whoscored-მა 6.3, ხოლო Sofascore-მ 6.4 ქულა დაუწერა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ერთადერთი გოლი კი არეკ მილიკმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და „იუვეს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და თანაც, ამ შვიდ შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გაუშვია. მასიმილიანო ალეგრის გუნდი აშკარად ფეხზე დგება, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად ბოლო 4 თამაში 1:0 მოიგო.

„იუვე“ 34 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „კრემონეზეს“ 7 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს. ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, ერთხელ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.121697