ფეხბურთი

21:34 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ "ალ-ნასრი" ჩემთვის მხოლოდ საფეხბურთო გამოწვევა არაა"
"ვინც ამბობს, რომ აქ დაბალი დონეა, ფეხბურთის არაფერი გაეგება"

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის რანგში პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. 37 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი საუდის არაბეთის კლუბში მედიის წინაშე წარადგინეს და რონალდუმაც თავის არჩევანზე ილაპარაკა.

„თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ევროპაში ყველაფერი მოვიგე, საუკეთესო კლუბებში ვითამაშე და იქ ჩემი საქმე დასრულებულია. ახლა მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის და მადლობელი ვარ კლუბის, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა.

აქ ყოფნა ჩემთვის შესაძლებლობაა, რომ ბევრი ადამიანის მენტალიტეტი შევცვალო. ბევრი შემოთავაზება მქონდა ევროპიდან, ბრაზილიიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან, მაგრამ „ალ-ნასრს“ სიტყვა მივეცი. ეს ფანტასტიკური ქვეყანაა. აქ არის ისეთი ხალხიც, რომელიც ფეხბურთს არ იცნობს, მაგრამ ამ გამოწვევას დავთანხმდი, რადგან მინდა, როცა წავალ, მათ განსხვავებული პერსპექტივა ჰქონდეთ.

ბევრი ამბობს, რომ აქ ფეხბურთის დონე დაბალია, მაგრამ ასეთი ადამიანები ფეხბურთს არ იცნობენ, ერთი თამაშიც არ აქვთ ნანახი. სინამდვილეში ისე განვითარდა, რომ აქ კარიერის დასასრულებლად არ ვარ. არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას ამბობს ხალხი, არჩევანი გავაკეთე და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. რამდენიმე თამაში ვნახე და შემიძლია გითხრათ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი კონკურენტუნარიანი ლიგაა.

ჩემი კრიტიკა? რეკორდები დავამყარე ყველგან, სადაც ვითამაშე და მინდა აქაც იგივე გავაკეთო, რეკორდების მოხსნას მიჩვეული ვარ.

დიახ, 200-მილიონიანი კონტრაქტი უნიკალურია, მაგრამ იმიტომ მაქვს ასეთი კონტრაქტი, რომ მეც უნიკალური ფეხბურთელი ვარ. არგენტინასთან საუდის არაბეთის გამარჯვება ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლიათ“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.

0.111561