ბრაზილია და მსოფლიო, ფეხბურთის მეფეს, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, იგივე პელეს დაემშვიდობა. „მეფე“ თავისივე ანდერძის თანახმად, სან-პაულუს შტატის სანტუსის ნეკროპოლისში დაკრძალეს.
დამშვიდობების ცერემონიამ „სანტოსის“ სტადიონზე ჩაიარა, სადაც პელემ, ფაქტობრივად, მთელი კარიერა გაატარა.
გზად სტადიონისკენ პროცესიას უამრავი ადამიანი დაესწრო, ისინი აპლოდისმენტებით, მაშხალებით და შეძახილებთ ხვდებოდნენ „მეფეს.“ შინ მოვედით - დაწერა სოციალურ ქსელში პელეს ვაჟმა, ედსონ შოლბიმ, „სანტოსის“ „ვილა ბელმიროს“ სტადიონზე მისვლისას. იქვე დიდი ბანერი გაეკრათ, რომელიც მნახველებს ახსენდებდა, რომ პელე „სანტოსის“ „ათიანი“ იყო. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ „მეფემ“ თავად სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას არ ამოეღოთ გუნდის ნუმერაციიდან, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება ჰქონოდათ ათნომრიანი მაისურით ეთამაშათ.
„პელემდე ათიანი უბრალოდ ციფრი იყო. ეს წინადადება სადღაც წამიკითხავს, მაგრამ დავამატებდი: პელემდე ფეხბურთი უბრალოდ სპორტის სახეობა იყო. მან ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთი ხელოვნებად, გართობად აქცია.
მისი წყალობით ღარიბმა ფერადკანიანმა მოსახლეობამ ხმის უფლება მიიღო. ბრაზილიამ კი მსოფლიოში ქვეყნის სტატუსი აიმაღლა. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია სამუდამოდ დარჩება.“ - დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.
იქ იყვნენ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, კონმებოლის თავკაცი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმიტი და ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი, ედნალდო როდრიგეში.
პროცესიამ სანტუსის ქუჩებშიც ჩაიარა და ცოტა ხნით „მეფის“ სახლთან გაჩერდა, სადაც დღემდე ცხოვრობს მისი 100 წლის დედა - სელესტე არანტესი.
„მეფე“ თავისივე სურვილისამებრ, ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს ახალი ტრენდია. მოსახლეობის ზრდის კვალად მიცვალებულებს ვერტიკალურ მდგომარებაში კრძალავენ რათა სამარხმა ნაკლები ადგილი დაიკავოს. სანტუსის სამარხი 32 სართულიანია.