კატალონიური დერბი ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც უნდა გამოსულიყო. "ბარსელონამ" და "ესპანიოლმა" არც შობა იციან და არც ახალი წელი. მატეო ლაოსმა მითუმეტეს. მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩში ამ მსაჯმა უამრავი კრიტიკა დაიმსახურა, უამრავი ყვითელი ბარათი ჩამოარიგა და საბოლოოდ ფიფასგან წერილი მიიღო, აღარ გვჭირდებიო. ლა ლიგამ რა გააკეთა? ადგა და ყველაზე მტრულად განწყობილი გუნდების დერბიში მთავარ მსაჯად ისევ მატეო ლაოსი დანიშნა - მანაც თავისი გააგრძელა, თქვენ ყველანი ცდებოდითო და ისევ ისე აფრიალა ბარათები. ბოლოს ვის რას უჩვენებდა თვითონაც არ იცოდა. მატჩის ერთ მომენტში, ლაოსმა 74-დან 80 წუთამდე ფეხბურთელებს 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, საბოლოოდ, კი შეხვედრა 15 ყვითლით და 2 წითლით დასრულდა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-7 წუთზე ლონდონური კომბინაცია ამჟამად უკვე "ბარსელონას" მცველებმა გაითამაშეს. რაფინიას ჩაწოდებულ კუთხურს ლევანდოვსკიმ შეუცვალა მიმართულება, კრისტენსენმა ბურთი თავით მეკარის საჯარიმოში ჩააბრუნა, იქ კი პირველი მარკოს ალონსო იყო და "ბარსელონაც" დაწინაურდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, ხან რაფინიას, ხან ფატის, თუმცა გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში "ბარსელონამ" ზეწოლა შეამცირა, თუმცა არც "ესპანიოლი" იჩენდა შეტევების მხრივ დიდ ყურადღებას, სანამ 73 წუთზე გოლის ავტორმა მარკოს ალონსომ, საკუთარ საჯარიმოში ხოსელუს ქუსლზე ფეხი არ დააბიჯა და მატეო ლაოსმა "ბარსას" კარში პენალტი არ დანიშნა. მასპინძელთა გულშემატკივრების მიერ შესრულებული ,,თქვენი ადგილი სეგუნდაშია"-ს ფონზე, დაზარალებულმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ამ გოლმა თამაში ძალიან არია და მატეო ლაოსის საყვარელი მომენტიც დადგა. ჯერ იყო და ალბას, სოუზას და ექსპოსიტოს მსაჯმა ყვითლები კამათის გამო ჩამოურიგა, შემდეგ ფერან ტორესი სიმულაციის გამო გააყვითლა, რომელიც რთული ასახსნელია საიდან დაინახა, კულმინაცია კი 78-ე წუთზე ხორდი ალბას გაძევება იყო. მსაჯმა "ბარსელონას" მარცხენა მცველს მეორე ყვითელი ბარათიც კამათის გამო უჩვენა, თუმცა სატელევიზიო კამერითაც და განმეორებებითაც კი ძალიან რთულად ჩანდა ის, თუ რა დააშავა ალბამ ისეთი, რომ გაეძევებინათ.
ამან თამაში კიდევ უფრო გაამძაფრა. მე-80 წუთზე ვინისიუს სოუზამ სერხი რობერტო მოედნის ცენტრში არც თუ ისე უხეშად წააქცია, თუმცა მასპინძელმა გუნდმა თამაში გააგრძელა და ამჯერად უკვე რობერტ ლევანდოვსკიზე დაირღვა თამაშის წესი, წაქცეულ პოლონელს კი თავზე ფეხი კაბრერამ დააბიჯა. მატეო ლაოსმა ჯიბიდან ყვითელი და წითელი ბარათები ამოიღო და ისე აქნევდა, რთული მისახვედრი იყო ვის აგდებდა და ვის აფრთხილებდა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, მას ვინისუს სოუზაც გაუძევებია და კაბრერაც, თუმცა ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ, კაბრერას მან წითელი მოუხსნა და გუნდებმა თამაში 10-10-ზე განაგრძეს.
დარჩენილ დროში "ბარსელონა" აქტიურობდა, რამდენიმე მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, ეს დრამატული მატჩი 1:1 დასრულდა. მიუხედავად ქულების დაკარგვისა, "ბარსელონამ" 2022 წელი ლიდერის რანგში დაასრულა. მას და მდევარ ,,რეალ მადრიდს," რომელმაც თავისი მატჩი დღეს ღამით მოიგო, 38-38 ქულა აქვთ, თუმცა კატალონიელები ბურთების შეფარდებით ლიდერობენ.
ბარსელონა - ესპანიოლი 1:1
კამპ ნოუ
1:0 ალონსო (7), 1:1 ხოსელუ (73 პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო (კუნდე 82), კრისტენსენი, ალონსო, ალბა, გავი (ბუსკეთსი 52), დე იონგი (ბალდე 82), პედრი, ფატი (ტორესი 62), ლევანდოვსკი, რაფინია (დემბელე 62).
მწვრთნელი: ჩავი
ესპანიოლი (5-3-2): ფერნანდესი, ხილი (სანჩესი 90), კალერო (ექსპოზიტო 57), გომესი, კაბრერა, ოლივანი (ვიდალი 90), მელამედი (პუადო 57), ვინისიუს სოუზა, დარდერი, ხოსელუ, ბრეითვეითი (სიმო 86).
მწვრთნელი: დიეგო მარტინესი
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი
გაფრთხელება: ფატი (25), გავი (30), ოლივანი (31), კაბრერა (31), კალერო (55), ალბა (74), ვინისიუს სოუზა (74), ექსპოზიტო (74), ფერან ტორესი (75), პედრი (76), ალბა (78), ვინისიუს სოუზა (80), რაფინია (96), პუადო (96), არნაუ ტენასი (96), ჩავი (97)
გაძევება: ალბა (78), ვინისიუს სოუზა (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21(6)-4(1), ბურთის ფლობა: 77%-23%, კუთხურები: 10-2, თამაშგარე: 0-1