„ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი შესაძლოა „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 34 წლის ნახევარმცველს საუდის არაბეთის კლუბის ხელმძღვანელობამ შეთავაზება გაუკეთა და მის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც სერხიოს ჯერ არ მიუღია.
ბუსკეტსს „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და აღსანიშნავია, რომ ესპანურ გრანდს მისთვის იმავე პირობების შეთავაზება არ შეუძლია. ფეხბურთელიც თანახმაა, რომ კლუბი ზაფხულში დატოვოს.
სერხიო ბუსკეტს „ბარსელონას“ აღზრდილია და სხვა გუნდში არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. „ალ-ნასრს“ ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს აქტიურად უკავშირებენ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია სერხიო რამოსის მიმართ ინტერესის შესახებ.