ინგლისური „ლივერპულის“ ეგვიპტელმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა 25 დეკემბერს „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად საშობაო ნაძვის ხესთანაა გადაღებული და იქვე წერს, რომ შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ამას აღნიშნავს.
სალაჰის ამ ფოტოს სრულიად სამუსლიმანოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ზოგი იმასაც კი ამბობდა, თითქოს სალაჰმა რელიგია შეიცვალაო. მალევე გამოჩნდნენ ისეთი „ცხელი თავის“ მქონე ხალხი, რომლებიც ეგვიპტელ ფეხბურთელს რელიგიის ღალატში ადანაშაულებდნენ და მკაცრი შურისძიებით ემუქრებოდნენ.
ასეთი დიდი და უაზრო აჟიოტაჟის გამო, მოჰამედ სალაჰი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ალაჰისთვის არ უღალატია და არც ისლამურ რელიგიაზე უთქვამს უარი. მას უბრალოდ, სურდა ამ გზით პატივისცემა გამოეხატა ქრისტიანი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, რაც პრინციპში გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა, გასაკვირი ვისთვის?...