კალათბურთი

10:58 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩის ბენეფისი - 60 ქულა და სამმაგი დუბლი. ლუკა ნიუ იორკმა ვერ შეაჩერა! (+VIDEO)

დღეს ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ყველაზე გამორჩეული კი ,,დალას მავერიქსისა" და ,,ნიუ იორკ ნიქსის" დაპირისპირება იყო, რომელშიც ლუკა დონჩიჩის ბენეფისი შედგა.



დალასის სლოვენიელმა ვარსკვლავმა ,,ნიქსის" წინააღმდეგ მოედანზე გატარებულ 47 წუთში 60 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკამ 31-დან 21 ტყორცნა გამოიყენა და ამ საოცარი შედეგით, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ,,დალას მავერიქსი" 6 ქულით, 106:112 მარცხდებოდა, როდესაც დონჩიჩმა ენდ-ვანი შეასრულა. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე კი საჯარიმო სროლა განგებ ააცილა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი თავად დაუბრუნდა, ზუსტი ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა - 115:115.



ლუკას ჯადოქრობები ოვერტაიმშიც გაგრძელდა. მისი შეჩერება ,,ნიქსის" მცველებმა ვერაფრით მოახერხეს და შეხვედრა საბოლოოდ, 126:121 დასრულდა - დალასის სასარგებლოდ.

,,ნიქსის" შემადგენლობაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ქვენტინ გრაიმსმა, რომელმაც თავი 33 ქულით და 6 მოხსნით გამოიჩინა, თუმცა მისი თამაში სლოვენიელმა ვარსკვლავმა მთლიანად გადაფარა.

რეკორდები, რომლებიც ლუკა დონჩიჩმა ,,ნიქსის" წინააღმდეგ დაამყარა: ეს დონჩიჩის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 60 ქულა ლუკას აქამდე NBA-ში არ ჩაუგდია. NBA-ის ისტორიაში ის გახდა პირველი მოთამაშე, ვინც შეხვედრა 60 ქულით, 20 მოხსნით და 10 პასით დაასრულა. 21 ზუსტი ტყორცნით ის ფრენჩაიზის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მესამედ ჩაატარა 50 ქულიანი თამაში, რითაც ასევე ფრენჩაიზის რეკორდი დაამყარა.

ეს გამარჯვება ,,დალას მავერიქსისთვის" მე-19 იყო და ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 16 მარცხით მე-6 პოზიციას იკავებს.

0.112448