ფეხბურთი

16:20 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "სპალეტი ჩემთვის განსაკუთრებულია, ნეაპოლი კი ფანტასტიკური ქალაქია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია DAZN-ს ესაუბრა და ინტერვიუდან ამონარიდი დღეს გავრცელდა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ლუჩანო სპალეტი მისთვის განსაკუთრებული ადამიანია.

ხვიჩამ ასევე ისაუბრა „ნაპოლიზე“, ნეაპოლსა და კვარადონას მეტსახელზე:

„მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი კვარადონაა. მარადონას სახელის თუნდაც მცირე ნაწილს ჩემსას რომ უკავშირებენ, შეუძლებელია სხვა ემოცია არ დაგეუფლოს. ქალაქიც ფანტასტიკურია თავისი სილამაზით და ნეაპოლელებიც განსაკუთრებულნი არიან. ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულია.

მოლაპარაკებები დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით 2 წელი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამხელა გუნდი ჩემით იყო დაინტერესებული და ერთი სული მქონდა „ნაპოლის“ მაისური ჩამეცვა. როდესაც ვუყურებდი მათ მატჩებს, ვფიქრობდი, რომ ამ გუნდში კარგად თამაში შემეძლო. ძალიან მომწონდა „ნაპოლის“ თამაში.

ჯერ კიდევ შორს ვარ საუკეთესო ფეხბურთელობისგან, მაგრამ ზრდისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ლუჩანო სპალეტის ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ძალიან ღია ადამიანია და ჩემთვის განსაკუთრებულია.

ჯოვანი დი ლორენცოს წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან მართლაც შესანიშნავი მცველია.

სკუდეტო? წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია და ჩვენთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანი იქნება.

რონალდუ თუ მესი? ძალიან რთულია მათ შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩემი კუმირი რონალდუა“, - თქვა კვარაცხელიამ.

აქვე გეტყვით, რომ ტელეკომპანია DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს სრული ვერსია 28 დეკემბერს გამოქვეყნდება.

0.100782