85 წლის წინ ,,ჩარლტონ ატლეტიკის" მეკარეს არც თუ ისე სასიამოვნო შობის დღესასწაული ჰქონდა, რადგან დაახლოებით 15 წუთის გატარება საფეხბურთო მოედანზე მარტოს მოუწია.
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ინგლისში კი ფეხბურთი იმდენად უყვართ, რომ დღესასწაულის აღნიშვნა ფეხბურთით ყველას და ყველაფერს ურჩევნიათ. ასე იყო 85 წლის წინათაც, 1937 წელს, როდესაც ,,ჩელსი" და ,,ჩარლტონ ატლეტიკი" შობის დღეს ერთმანეთს მწვანე მინდორზე ებრძოდნენ.
შეხვედრის ანგარიში 1:1 იყო, როდესაც მთავარმა მსაჯმა მატჩის 61-ე წუთზე ძლიერი ნისლის გამო შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ, ,,ჩარლტონ ატლეტიკის" მეკარეს სემ ბერტრამს არც სასტვენის ხმა გაუგია და არც ის დაუნახავს, თუ როგორ დატოვეს ფეხბურთელებმა მოედანი:
,,შეხვედრის დაწყებიდან მალევე ნისლი ძალიან გასქელდა და ნელ-ნელა ჩემი ხედვის არეალიც დაფარა. მსაჯმა თამაში შეაჩერა, თუმცა როდესაც ცოტათი გაიფანტა, ისევ გააგრძელა. იმ დროს მატჩს ვიგებდით, თუმცა ჩემს ნახევარზე სულ უფრო და უფრო ცოტა მოთამაშეს ვხედავდი"
,,კარის ხაზის გასწვრივ ამაყად დავდიოდი, რადგან ჩემს თანაგუნდელებს ,,ჩელსის" მოთამაშეები საკუთარ ნახევარზე ჰყავდათ გამოკეტილი. ჩემი ბიჭები ალბათ იმ პენსიონერებს კარგ დღეს აყრიან - ვფიქრობდი იმ მომენტში. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩემს გარშემო მოთამაშეები მყავდა ნანახი, ასე რომ წინ გადავწყვიტე გასვლა, თუმცა ნისლი ისეთი სქელი იყო, ვერაფერს ვხედავდი."
,,დიდი ხნის შემდეგ ჩემს წინ ნისლის სქელი ფარდიდან ვიღაც გამოვიდა. ეს გაკვირვებული პოლიციელი იყო - "აქ რა ჯანდაბას აკეთებ" - მკითხა მან. - "თამაში 15 წუთის წინ შეჩერდა, მოედანი ცარიელია" - როდესაც გასახლდელში შევედი ნახევარი გუნდი უკვე შხაპს იღებდა და სიცილისგან იკრუნჩხებოდა" - დაწერა ბერტრამმა თავის ავტობიოგრაფიაში.
როგორც ხედავთ, ეს ამბავი ნამდვილად არ არის მითი. ამის შესახებ ,,ჩელსის" 1938 წლის პროგრამაშიც არის მოთხრობილი. ასე რომ, ყველას გისურვებთ შობა იმაზე უკეთ გაგეტარებინოთ, ვიდრე ,,ჩარლტონის" მეკარეს 85 წლის წინათ!